ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, თუმცა ენერგეტიკულ ვითარებაზე რეაგირებისთვის მზადყოფნა გამოხატა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, თუმცა ენერგეტიკულ ვითარებაზე რეაგირებისთვის მზადყოფნა გამოხატა. აღნიშნულზე ინფორმაციას ECB-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების ნაწილში ვკითხულობთ.
გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) კონცენტრირებულია, უზრუნველყოს ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში 2%-იან მიზნობრივ ნიშნულზე სტაბილიზაცია.
,,ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა პერსპექტივა მნიშვნელოვნად უფრო გაურკვეველი გახადა, რაც ზრდის ინფლაციის ზრდის რისკებს და ამცირებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. მოკლევადიან პერიოდში მას არსებითი გავლენა ექნება ინფლაციაზე ენერგიის ფასების ზრდის გამო. საშუალოვადიანი შედეგები კი დამოკიდებული იქნება როგორც კონფლიქტის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აისახება ენერგიის ფასები სამომხმარებლო ფასებსა და ეკონომიკაზე", - წერს ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB).
მმართველი საბჭო კარგად არის მზად ამ გაურკვევლობის სამართავად. ინფლაცია დაახლოებით 2%-იან მიზნობრივ დონესთან არის, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მყარად არის დაფიქსირებული, ხოლო ეკონომიკამ ბოლო კვარტლებში მდგრადობა გამოავლინა. მომდევნო პერიოდში შემოსული მონაცემები დაეხმარება მმართველ საბჭოს შეაფასოს, როგორ იმოქმედებს ომი ინფლაციის პერსპექტივასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე. საბჭო ყურადღებით აკვირდება ვითარებას და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა დაეხმარება მას მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი მიმართულებით წარმართვაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826