ფასების სტატისტიკა და ინდექსები მომხმარებლებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინფორმაციას წარმოადგენს - გოგიტა თოდრაძე
საქსტატმა ფასების სტატისტიკის შესახებ ახალი ინტერაქტიული პლატფორმა შექმნა, რომელიც სამომხმარებლო, მწარმოებელთა, ექსპორტისა და იმპორტის, ასევე უძრავი ქონების ფასების ინდექსებსა და ასამდე დასახელების პროდუქტის საშუალო ფასებზე ინფორმაციას აერთიანებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ფასების სტატისტიკა და ინდექსები მომხმარებლებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინფორმაციას წარმოადგენს.
„პოპულარული საკითხია რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე ჩვენც მიზნად დავისახეთ რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა, შევქმენით ახალი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულად ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით. იქნება ეს სამომხმარებლო ფასების ინდექსი, მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი. ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა უძრავი ქონების ფასების ინდექსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ და სამომხმარებლო კალათის მიხედვით ასევე გვაქვს დაახლოებით 100 სასაქონლო ნიშანზე საშუალო ფასი. საშუალო ფასი, რომელიც ხელმისაწვდომია აღნიშნულ პორტალზე. რა თქმა უნდა ჩვენ ამით არ შევჩერდებით და როგორც დავპირდით რამდენიმე წლის წინ ჩვენს მომხმარებლებს, საშუალოდ კვარტალში ერთხელ მსგავს ანალოგიურ ინტერაქტიულ პლატფორმას შევთავაზებთ“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, საქსტატი უახლოეს პერიოდში ცხოვრების დონის სტატისტიკის მაჩვენებლების შესახებ ახალ ინტერაქტიულ პლატფორმას წარადგენს.
„ჩვენ პარალელურად რამდენიმე პორტალზე ვმუშაობთ და ერთ-ერთი ამ მიმართულებით, რომელსაც უახლოეს პერსპექტივაში შევთავაზებთ მოსახლეობას, ეს იქნება ცხოვრების დონის სტატისტიკის მაჩვენებლებთან დაკავშირებული ინტერაქტიული პლატფორმა“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, საქსტატის ახალი ინტერაქტიული პლატფორმების მიზანი მონაცემების გამოყენების ხელშეწყობასთან ერთად მათი არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილება და მომხმარებლებისთვის დამატებითი მეთოდოლოგიური ინფორმაციის მიწოდებაა.
სხვა სიახლეები
საქსტატის სანდოობა იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ არიან ჩართული საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში - გოგიტა თოდრაძე
10.06.2026.12:40
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე ბოლო პერიოდში რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად საქსტატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არაერთ მაჩვენებელს, მათ შორის ფარდობით სიღარიბესა და ჯინის ინდექსს ითვლის.
მისივე თქმით, ასევე არის ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც უთანასწორობის საზომია და ასევე ჯინის ინდექსი, რომელიც შემოსავლების დიფერენციაციას ზომავს.
„რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის დონეს - უპირველეს ყოვლისა იანგარიშება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, მთელი რიგი დეტალური მეთოდოლოგია გვაქვს წარმოდგენილი და ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, მათი პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში განისაზღვრება როგორც აბსოლუტური სიღარიბის დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა არსებობს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი. მაგალითად 3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, ასევე 4.6 და 8.3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს. შესაბამისად ეს მსოფლიო ბანკის სტანდარტია და ამ მეთოდითაც ჩვენ ვითვლით ამ მაჩვენებლებს. მოკლედ მთელი რიგი მაჩვენებლები რაც კი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში იწარმოება ჩვენს მიერ და ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა დავახასიათოთ მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელი“, - ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
გოგიტა თოდრაძის შეფასებით, საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან პერიოდულად ისეთი ორგანიზაციები ამოწმებენ, როგორიცაა ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვაცხადებთ და ვასაბუთებთ მტკიცედ, რომ ვეყრდნობით საერთაშორისო სტანდარტებს და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს, მაგრამ ამის რევიზიას თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, შესრულებულ სამუშაოსთან, ამის რევიზიას რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პერიოდულად უზრუნველყოფენ, ახდენენ. მათ შორის ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ და შეფასების ანგარიშები ფართო საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია. გარდა ამისა ჩვენი ავტორიტეტი იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩართული არიან ასე ვთქვათ საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში და რაც მთავარია ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი განმარტების გაკეთების მიმართულებით, როცა ეხება ეს მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, როცა ეხება ეს ახსნას იმისას თუ რამ განაპირობა მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება და შესაბამისად ეს ერთ დღეში არ ყალიბდება, ამას ათეულობით წლები სჭირდება და ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო პროცესში“, - აღნიშნავს თოდრაძე.