ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია.
კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი, 29% ფასების ზრდასა და სამუშაო ადგოლებს ასახელებს, 27% ამბობს რომ მთავარი გამოწვევა სიღარიბეა.
23%-ს მიაჩნია, რომ ეროვნულ საკითხებს შორის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა, ხოლო 18% კი პენსიებსა და ხელფასებს ასახელებს.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826