ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.
მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს, შეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევე, ხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, საუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, ცოტნე ყავლაშვილი, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ სიმონ ედიშერაშვილი.
სხვა სიახლეები
შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია l თამარ იოსელიანი
24.04.2026.18:40
"შუა დერეფნიდან ევროპისკენ ნებისმიერი ეფექტიანი მარშრუტი საქართველოს გავლით გადის. ეს არის გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული ლოგიკა, რომელიც განსაზღვრავს დერეფნის მუშაობას", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ე.წ. „ტრამპის მარშრუტის" პრაქტიკული რეალიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.
„საქართველო უკვე ფუნქციონირებს, როგორც მულტიმოდალური პლატფორმა, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული პორტები, რკინიგზა და საავტომობილო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის პორტები ქმნის სტაბილურ გასასვლელს ევროპულ ბაზრებზე, ხოლო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მნიშვნელოვნად ზრდის ამ შესაძლებლობას", - აღნიშნავს თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო უკვე არის ოპერაციული კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების უწყვეტ გადაადგილებას რეგიონებს შორის.
„ჩვენი ქვეყნის როლი არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რაც დღეს არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ლოგისტიკაში. ამ არგუმენტს ამყარებს ევროკომისიის დაკავშირებადობის კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ შუა დერეფანი ევროპა–აზიის დასაკავშირებლად აუცილებელია და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია", - აცხადებს იოსელიანი.