ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ბოლო წლებში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე გარე შოკების მიმართ.
„საქართველოს ეკონომიკა გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებასა და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გამოსვლისას მან ისაუბრა ქვეყნის სუვერენული რეიტინგების შესახებაც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ (Fitch-მა, S&P Global-მა და Moody's-მა) გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
„აღნიშნული შეფასებები განპირობებულია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობითა და საერთაშორისო რეზერვების ზრდით. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით დადებითი მოლოდინები შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. რა თქმა უნდა, სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ ინვესტორების ნდობა ჩვენი ეკონომიკის მიმართ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები აფასებენ არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივას, არამედ საკუთარ ფულად რესურსებს ანდობენ საშუალოვადიან პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობას.
სხვა სიახლეები
ინვესტორების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი მაღალი ინტერესი, ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის მიმდინარე ფისკალური მდგრადობის, არამედ მისი სამომავლო პერსპექტივების მიმართაც - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
11.11.2026.12:43
ინვესტორების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი მაღალი ინტერესი, ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის მიმდინარე ფისკალური მდგრადობის, არამედ მისი სამომავლო პერსპექტივების მიმართაც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ, განამტკიცა საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა.
მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
იგი ასევე, შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.