ფინანსთა სამინისტრო: საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.
„საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ.
საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე ბუნებრივია გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო.
ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.
აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826