FMCG სექტორის ჯამური შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა 1H26-ში, ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ | Galt & Taggart
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
„2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში - პრემიერი
09.10.2026.11:42
ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში, 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.