როგორი იქნება რეკორდული სიმაღლის Trump Tower Tbilisi
ამერიკული გამოცემები Forbes-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ. სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „Trump Tower Tbilisi“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.
„თბილისი ტრამპ თაუერის“ პროექტის პირველი ესკიზი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში აშენდება... ასევე ახალი დეტალები გაცილებით მასშტაბური პროექტის, „თბილისი დაუნთაუნის“ შესახებ, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს შეადგენს... პროექტის ესკიზში ჩანს ცათამბჯენი, რომლის თავზეც ოქროს ასოებით არის ტრამპის სახელი გამოსახული. „თბილისი დაუნთაუნის“ კომპლექსი 6 ნაგებობისგან შედგება, რომლის ცენტრალური შენობა „ტრამპ თაუერ თბილისი“ იქნება. 600 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ კომპლექსში პანორამული ხედებით ცენტრალ პარკზე განთავსებული იქნება ბიზნესცენტრები, ლუქსკლასის მაღაზიები, ლუქსტიპის სასტუმრო, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში“, - წერს Newsweek-ი.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.