ფოთი-თბილისი-ფოთის ბლოკ მატარებელი გაზრდის სარკინიგზო სექტორის როლს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო სტრუქტურაში, ასევე საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას - გურამ გურამიშვილი
ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარული საკონტეინერო ბლოკ მატარებლები იმოძრავებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც ბლოკ მატარებლების მიმოსვლა მოიტანს.
მისი განმარტებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების, ტერმინალების, ასევე საკონტეინერო მომსახურების სეგმენტისთვის, იზრდება კონკურენცია და მომსახურების ხარისხი შიდა ბაზარზე.
„ბლოკ მატარებლების მიმოსვლა ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ბაზრისთვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის კიდევ რამდენიმე მიმართულებით: გაიზრდება ფოთის პორტის ლოგისტიკური ეფექტურობა - რაც გულისხმობს დამატებითი ოპერაციების გარეშე კონტეინერის მიწოდებას. შესაბამისად, შემცირდება სატვირთო გადაზიდვების დრო ფოთის პორტიდან თბილისის ლოგისტიკურ ცენტრებამდე და პირიქით, რაც თავის მხრივ ზრდის დროზე მიტანას და საექსპორტო/საიმპორტო ტვირთის ეფექტურ მოძრაობას ქვეყნის შიგნით. ასევე მნიშვნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების წახალისება - უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი ბლოკ მატარებელი კონკურენტუნარიანს ხდის რკინიგზას ავტოტრანსპორტთან შედარებით. შედეგად, იკლებს ტრანსპორტირების ღირებულება და იზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. კონტეინერებით ბლოკ მატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქვეყნის საავტომობილო გზები ნაკლებად დაიტვირთება და შესაბამისად, გაიზრდება ეკოლოგიური ეფექტი - ბლოკ მატარებლებით გადატანილი ტვირთი ნიშნავს ნაკლებ სატვირთო მანქანებს მაგისტრალზე, რაც თავის მხრივ ამცირებს გზების ცვეთას, CO₂-ის გამონაბოლქვს და ტრანსპორტის გამო გამოწვეულ საცობებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ბლოკ მატარებლებს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალის გაზრდის კუთხითაც. შიდა კავშირების გაუმჯობესება კი ზრდის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას - თბილისიდან შესაძლებელი ხდება ტვირთების განაწილება ქვეყნის შიგნით, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. საერთო ჯამში, ბლოკ მატარებელი ზრდის სარკინიგზო სექტორის როლს შიდა ტვირთბრუნვაში, ამცირებს ღირებულებებს, ამარტივებს ლოგისტიკას და ქმნის დაბალემისიური, გამართული სატრანსპორტო მოდელის საფუძველს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826