ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა იწყება", - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს.
„ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთის ნაკადიც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ფონზე დამატებით 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს.
„მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე", - განაცხადა მინისტრმა.
პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი. პროექტის განვითარების ამ ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
"განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC), რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ასევე „პეის ჯგუფს", რომელმაც კერძო ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად აქცია",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი და „პეის ინტერნაციონალის" პრეზიდენტი იოსებ დოლიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალი გაიმართა.
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.