ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა იწყება“, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს.
„ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთის ნაკადიც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ფონზე დამატებით 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს.
„მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი. პროექტის განვითარების ამ ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
“განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC), რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ასევე „პეის ჯგუფს“, რომელმაც კერძო ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად აქცია”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი და „პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალი გაიმართა.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში - მარიამ ქვრივიშვილი
25.06.2026.15:16
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან დიალოგს და კომუნიკაციას, ამდენად, ეკონომიკის სამინისტრო ხშირად აორგანიზებს ასეთი ფორმის შეხვედრებს. ვისაუბრეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და, ფაქტობრივად, იმ ისტორიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს რკინიგზაში ვახორციელებთ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სახმელეთო ტრანსპორტისა და საავიაციო ტრანსპორტის მიმართულებების განვითარებაზე" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სახელწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენი საერთო ძალისხმევით, ხედვით და საერთო სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიზრდება ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რათა გეგმის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემი მივიღოთ" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კერძო სექტორთან შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.