ფრანგული კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ამის მაგალითია TAV/ADP, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს
საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობების ფონზე, Business Insider Georgia საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს ესაუბრა. ინტერვიუ ეხება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობას, საინვესტიციო ტენდენციებსა და ბიზნესთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2026 წელს განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს, ფრანგული კომპანიების ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ, ინვესტიციებისთვის პრიორიტეტულ სექტორებსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებს.
როგორ აფასებთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას 2026 წლის პირველ ნახევარში? რა იყო ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და პროგრესის ძირითადი მიმართულებები?
საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ორმხრივ ვაჭრობას, საქართველოში განხორციელებულ ფრანგულ ინვესტიციებს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებასა და ქვეყანაში ფრანგული კომპანიების საქმიანობას.
2026 წელს საფრანგეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოში 2012 წლიდან, საქმიანობის დაწყების დღიდან, მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში დააფინანსა და ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას. კერძოდ, გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) თანადაფინანსებით, AFD-მ მხარი დაუჭირა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას, ასევე ზემო სამგორის რეგიონში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას.
ბოლო პერიოდში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) აიღო ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ახალი ეტაპის დაფინანსების ვალდებულება. პროგრამა მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხარისხიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერა, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე სოციალური დაცვის სისტემის ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სუვერენული დაფინანსების მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება ქმნის წინაპირობას, რომ სააგენტო მომდევნო თვეებში ჩაერთოს ახალ პროექტებში, რომლებიც საქართველოს მთელი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონულ ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
დღეისათვის AFD-ის ჯგუფი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს ორმხრივ დონორად, რომლის მოქმედი ფინანსური პორტფელი 1.1 მილიარდ ევროს შეადგენს.
როგორ აფასებთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების მიმდინარე დინამიკას? შეინიშნება თუ არა ფრანგული კომპანიების ინტერესი საქართველოს ბაზარზე შესვლის ან საქმიანობის გაფართოების მიმართ?
სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა კვლავ შედარებით შეზღუდულია და 2025 წელს 313 მილიონი ევრო შეადგინა (საფრანგეთიდან საქართველოში ექსპორტმა 247.7 მილიონი ევრო, ხოლო საქართველოდან საფრანგეთში იმპორტმა 66.5 მილიონი ევრო შეადგინა). ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული (5%-იანი კლების გამოკლებით), ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდამ 150%-ს გადააჭარბა.
ფრანგული ინვესტიციების მოცულობა კვლავ მოკრძალებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული ინვესტიციები ძირითადად იმ ფრანგული კომპანიების საქმიანობას უკავშირდება, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციები წარსულში განახორციელეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ, რომელსაც ქუთაისში საწარმო ჰქონდა გახსნილი და ფუნქციონირებდა, 2024 წელს საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა, რადგან პოლიტიკურმა ვითარებამ გავლენა მოახდინა მის შემოსავლებზე. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლები არ ითვალისწინებს ფრანგული კომპანიების ადგილობრივი შვილობილი საწარმოების მიერ განხორციელებულ რეინვესტიციებს. ეს კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ამის მაგალითია TAV/ADP, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ფრანგული კომპანიები საქართველოს მიმართ მნიშვნელოვან ინტერესს ინარჩუნებენ, განსაკუთრებით ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შუა დერეფანში. ამასთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში შევნიშნეთ, რომ თავიანთ სექტორებში რამდენიმე წამყვანი ფრანგული კომპანია მოლოდინის პოზიციას ინარჩუნებს და ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის პროცესიც შეანელა. ეს ძირითადად იმით აიხსნება, რომ მრავალწლიანი სახელშეკრულებო მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით ვერ დასრულდა, რამაც შესაძლოა ზოგიერთი ინვესტორის მოტივაცია შეამცირა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წამყვანი კომპანია კვლავ გამოხატავს პრინციპულ ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი. აღნიშნულ ინტერესს ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკური გარემოს მიერ შექმნილი შესაძლებლობები.
ვიმედოვნებთ, რომ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიმდინარე სახელშეკრულებო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რაც სხვა კონკურენტ ფრანგულ კომპანიებს შორისაც დამატებით ინტერესსა და აქტიურობას გამოიწვევს.
საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იწვევს ამჟამად ფრანგული კომპანიებისა და ინვესტორების ყველაზე დიდ ინტერესს? რომელ მიმართულებებში ხედავთ თანამშრომლობის ყველაზე მაღალ პოტენციალს - ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობასა და სურსათის გადამუშავებაში, ჯანდაცვაში, ტექნოლოგიებსა თუ ფინანსურ მომსახურებაში?
ყველა ჩამოთვლილი სექტორი ფრანგული კომპანიებისთვის შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ინტერესი დაკავშირებადობის უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურის მიმართ არსებობს (მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ურბანული მობილობის, ლოგისტიკის, წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებებით).
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კომპანიებს საქართველოს აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციები უკვე განხორციელებული აქვთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნებოდა. საფრანგეთს აღიარებული გამოცდილება და ექსპერტიზა აქვს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით. ჩემი აზრით, თანამედროვე და ეფექტიანი სოფლის მეურნეობის სექტორი აუცილებელია საქართველოს სასურსათო დამოუკიდებლობისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.
ჯანდაცვის სექტორი კიდევ ერთი მიმართულებაა, სადაც თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნებოდა. საქართველოსა და საფრანგეთის საავადმყოფოებს შორის პარტნიორული ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბებულია, რაც ფრანგ სამედიცინო სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართველ კოლეგებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარონ.
ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია თბილისში მდებარე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და საფრანგეთის საავადმყოფოების ქსელს (AP-HP), კერძოდ, პარიზის ნეკერის საავადმყოფოს (Necker Hospital) შორის არსებული პარტნიორობა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ფრანგი სპეციალისტები მონაწილეობენ რთული პედიატრიული შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ასევე ქართველ კოლეგებთან ერთად ატარებენ ქირურგიულ ოპერაციებს.
აკადემიური და ტექნიკური თანამშრომლობის, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს საქართველოს მიმზიდველობას ფრანგული კომპანიებისთვის, როგორც საინვესტიციო და ბიზნესსაქმიანობის განხორციელების მიმართულებით? მეორე მხრივ, რა ძირითად გამოწვევებსა და ბარიერებს ასახელებენ ფრანგული კომპანიები საქართველოში არსებული შესაძლებლობების განხილვისას?
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის, ფრანგული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. ამასთან, საქართველო ტრადიციულად რეგიონული ჰაბის ფუნქციას ასრულებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში გეგმავენ. გამარტივებული და გაფიცრულებული ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე გამჭვირვალე და ხშირ შემთხვევაში მიმზიდველი საგადასახადო სისტემა ქვეყანაში მოქმედი კომპანიების მიერ მნიშვნელოვან უპირატესობებად აღიქმება. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უმთავრეს უპირატესობებად კვლავ რჩება კულტურული სიახლოვის განცდა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქართველების დინამიზმი და შემოქმედებითი პოტენციალი.
მეორე მხრივ, ზოგიერთ კომპანიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც ჩანს, უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა ტექნიკური პრიორიტეტები აქვს ქვეყანას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით. ცხადია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულმა დაძაბულობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს იმიჯზე იმ ფრანგულ ბიზნესწრეებში, რომლებსაც რეგიონში საქმიანობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ. რეგიონული დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით ფრანგული კომპანიების ინტერესის გადანაცვლებას სომხეთის მიმართულებით. ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს საფრანგეთსა და სომხეთს შორის არსებული შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებმაც ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვან გაღრმავებას. ამასთან, ევროკავშირის დაფინანსების ნაწილის საქართველოდან სომხეთისკენ გადამისამართება ფრანგული კომპანიებისთვის სომხეთში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
თუმცა, ეს ვითარება ნამდვილად არ არის გარდაუვალი ან შეუქცევადი. კვლავ არსებობს დიალოგის, კომპრომისისა და ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი ევროპული მომავალი რეალობად აქციოს. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პირდაპირ დადებით გავლენას მოახდენს პოტენციურ ინვესტორებზე.
ხედავთ თუ არა საქართველოს ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო დაკავშირებადობის პროექტებში ფრანგული კომპანიების უფრო აქტიური მონაწილეობის პოტენციალს, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლისა და შუა დერეფანში მისი მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით?
დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგულ კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების შექმნა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში. ფრანგულ ბიზნესწრეებთან რეგულარული კომუნიკაციის ფარგლებში მათ მუდმივად ვაწვდი ინფორმაციას საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
რამდენიმე ფრანგული კომპანია უკვე აკვირდება ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ვაზიანის აეროპორტის განვითარება, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაც ქმნის შესაძლებლობებს, რომლებითაც, იმედი მაქვს, ფრანგული კომპანიები ისარგებლებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ნდობის, სტაბილურობისა და ურთიერთდაჯერებულობის განმტკიცების შემთხვევაში, ფრანგული კომპანიები ამ პროექტებში აქტიურად ჩაერთვებიან.
ენერგეტიკული გარდაქმნა და განახლებადი ენერგია საერთაშორისო ინვესტიციების სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებად ყალიბდება. რა შესაძლებლობებს ხედავთ ფრანგული კომპანიებისთვის საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტიანობისა და მწვანე ტექნოლოგიების სექტორებში მონაწილეობის თვალსაზრისით?
მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციების განხორციელების ყველაზე რეალური პერსპექტივები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის რეალიზებული, უკავშირდება დეკარბონიზებულ ენერგეტიკას, სადაც გრძელვადიანი ინვესტიციები ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ განახლებადი და დეკარბონიზებული ენერგეტიკის სექტორი, მათ შორის ჰიდროენერგეტიკა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის.
თუ საქართველოს მხრიდან მკაფიო ინტერესი გამოიკვეთება, ჩვენ ხელს შევუწყობთ შესაბამისი ფრანგული მხარეების მობილიზებასა და სათანადო დაფინანსების უზრუნველყოფას.
რამდენად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოები, ტექნოლოგიური კომპანიები და ინოვაციური ბიზნესი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის? იზრდება თუ არა ფრანგული კომპანიების ინტერესი ქართულ სტარტაპებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადგილობრივ ბიზნესთან პარტნიორობის მიმართ?
მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის სწრაფ განვითარებასა და მის მნიშვნელოვან პოტენციალს, ეს მიმართულება ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. საქართველოში მრავალი ფრანგი დასახლდა, ხოლო რამდენიმე მცირე და საშუალო საწარმო საქართველოში საფრანგეთის ბაზრისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ავითარებს. თუმცა, ტელეკომუნიკაციებისა და მომსახურების სექტორებში მოქმედი კომპანიების გარდა, საქართველოში მსხვილი ფრანგული სამრეწველო ჯგუფების წარმომადგენლობა კვლავ შეზღუდულია.
პარტნიორული პროექტების სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა, საფრანგეთში საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლება და, უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გარემოს ჩამოყალიბება, უდავოდ გამოიწვევდა დადებით და ხელშესახებ ცვლილებებს ამ მიმართულებით.
რა როლის შესრულება შეუძლიათ საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტებს ახალი ბიზნესპარტნიორობების ხელშეწყობაში, საქართველოში ფრანგული ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული კომპანიებისთვის საფრანგეთის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებაში? იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივები ან ბიზნესმისიები?
საფრანგეთის საელჩო მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს როგორც საქართველოში უკვე მოქმედ ფრანგულ კომპანიებთან, ისე იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე საქმიანობის შესაძლებლობებს სწავლობენ. ჩვენ ფრანგულ კომპანიებს ვაწვდით ინფორმაციას სახელმწიფო ტენდერებისა და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საპროექტო წინადადებების კონკურსების შესახებ, საფრანგეთში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ვაცნობთ საქართველოში არსებულ შესაძლებლობებს და საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსების, სამრეწველო და ციფრული სუვერენიტეტის სამინისტროსთან კოორდინაციით ხელს ვუწყობთ საქართველოში პროექტების განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას.
საელჩოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გარდა, საქართველოში ფუნქციონირებს საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის საქმიანობა ორიენტირებულია ფრანგული და ქართული კომპანიების კომერციული საქმიანობის მხარდაჭერაზე. ამასთან, Business France-მა საქართველოში ორი ორგანიზაცია შეიყვანა იმ სტრუქტურების სიაში, რომლებიც კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ასევე, დაინიშნა საქართველოში მცხოვრები საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის რამდენიმე მრჩეველი, რომელთა მიზანია ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენის ხელშემწყობი ქსელის გაფართოება.
საფრანგეთის საელჩომ ხელი შეუწყო 2026 წლის თებერვალში MEDEF International-ის წევრი კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზებას. MEDEF საფრანგეთში დამსაქმებელთა უმსხვილესი გაერთიანებაა. ბიზნესმისიაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და საინჟინრო სფეროების წამყვანი კომპანიები.
აღნიშნულმა ვიზიტმა ზოგიერთ კომპანიას საქართველოსა და მისი ბიზნესგარემოს გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ჩემი მიზანია, მსგავსი შეხვედრებისა და კონტაქტების საფუძველზე ხელი შევუწყო კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ეკონომიკური თანამშრომლობა გასცდეს ტრადიციულად მსხვილ, სახელმწიფოს მიერ ინიციირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონცენტრირებას.
როგორ წარმოგიდგენიათ საფრანგეთსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება 2026 წლის შემდგომ პერიოდში? თქვენი აზრით, რომელ მიმართულებებს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი მომდევნო წლებში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გასაღრმავებლად?
ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ჩემი ხედვა ეფუძნება იმავე მიზანს, რომელსაც მთლიანად ჩემი საქმიანობა ემსახურება წვლილი შევიტანო საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რაც საქართველოში საფრანგეთის პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.
ამ კონტექსტში ეკონომიკურ პარტნიორობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ის ასევე ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში.
სატრანსპორტო და სხვა სახის დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ენერგიის წარმოების ზრდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ საერთო მიზანს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
იმედს გამოვთქვამ, რომ საფრანგეთი და ფრანგული ეკონომიკური სუბიექტები სრულფასოვნად მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში.
სხვა სიახლეები
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის | მარიამ ქვრივიშვილი
09.10.2026.12:06
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.
„ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში", - განაცხადა მინისტრმა.