ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, წლიური ზრდა 13.8%-ია - სებ
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.