ფულადი გზავნილის მიმღები პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება - სებ
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო“ საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით ფართოვდება.
გადაწყვეტილების მთავარ მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება და მოსახლეობისათვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ერთი წლის მანძილზე უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა. ინფორმაცია ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:
ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
განაღდების თარიღი; მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
მიმღების მოქალაქეობა;
თანხის ოდენობა; ვალუტა.
აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.
„ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას.
გზავნილებიდან მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ასახვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაკრედიტების პროცესის გამარტივებას.
შესაბამისად, გაზრდის მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826