გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი არაერთი შეხვედრა, ასევე მისი ორმხრივი შეხვედრა გენმდივანთან.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შედგა იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში აქვს.
„ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, სექტორის გლობალურ გამოწვევებზე და დავსახეთ, მათ შორის საერთო თანამშრომლობის გეგმები და ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად, მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ის ახალი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმში განათლების თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
სხვა სიახლეები
მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას - ინგა ფხალაძე
17.09.2026.20:13
„ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხედვას ეფუძნება 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მეგავატს უნდა მიუახლოვდეს.
„პარალელურად, მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას. საქართველოს ამისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მეგავატი დადგმული სიმძლავრე აქვს და აქედან 3500 მეგავატი ჰიდროენერგიაზე მოდის. შემდეგი კი გახლავთ მზე და ქარი, რომლებიც დივერსიფიკაციის გამოხატულება არის ენერგეტიკაში. დღეს გვაქვს 312 აქტიური პროექტი, რაც, ფაქტობრივად, 6000 მეგავატის სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც არის 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარი და 2090 მეგავატი მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.