ქარისა და მზის სადგურების გამომუშავება წლიურად 51.3%-ით გაიზარდა | Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - სექტემბერი 2026" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები.
,,გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ შეამცირა თბოსადგურების გამომუშავება და იმპორტი. 2026 წლის სექტემბერში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 1.5%-ით გაიზარდა 1.1 ტვტ.სთ-მდე. კარგი ჰიდროლოგიის დამსახურებით, გაიზარდა ჰიდროგენერაცია (+8.3% წ/წ), ენგურზე არსებული ტექნიკური შეფერხების მიუხედავად. ჯამური მიწოდების 77.5% განახლებად რესურსებზე მოდიოდა (vs 71.9% სექ-25), ხოლო თბოგენერაცია და იმპორტი შემცირდა (-15.4% წ/წ და -68.4% წ/წ, შესაბამისად). სექტემბერში ნეტო სადგურების გენერაციის გავლენით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1.5%-ით ნაცვლად 3.3%-ისა (დეტალური ახსნა იხ. გვ 3).
2026 წლის 9 თვეში გამოიკვეთა სეზონური გამოწვევები. 2026 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 2.6%-ით და 10.9 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარების ზრდა მაღალი იყო წლის დასაწყისში და შენელდა ზაფხულში, ძირითადად კლიმატური პირობების გამო. ამასთან, თურქეთში დაკლებული ფასების და გაზრდილი ადგილობრივი გენერაციის გამო შემცირდა საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი (-51.1% წ/წ). ამ ყოველივემ საქათველოში ელექტროენერგიაზე ჯამური მოთხოვნა შეამცირა (-0.2% წ/წ).
2026 წლის მიწოდების სტრუქტურა განაპირობა ჰიდროსადგურების სეზონურობამ და 2025-26 წლების ჰიდროლოგიამ. იანვარში განახლებადების წილი ჯამურ მიწოდებაში იყო 36%, ხოლო ივნისში 98%. ამასთან, მაისი-ივლისის პერიოდში მოთხოვნის სიმცირემ გამოიწვია ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვა (ჯამურად 0.5 ტვტ.სთ, ჩვენი შეფასებით). მთლიანობაში, 2026 წლის 9 თვეში მოხმარების 74.2% განახლებადი რესურსებით დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი 25.8% იმპორტით და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოგენერაციით (vs 24.1% 9M25-ში).
2026 წლის 9 თვის შედეგები მიუთითებს დარგში მიმდინარე პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე. ჩვენი შეფასებით, საინვესტიციო კლიმატი ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროებებს უკეთ უნდა მოერგოს: ახალი პროექტების მხარდაჭერისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გენერაციის სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება | TBC Capital-ის უფროსი მაკროეკონომისტი
22.10.2026.14:13
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას TBC Capital-ის უფროსმა მაკროეკონომისტმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება. გუშინ გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია, სადაც ვწერდით, რომ მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას ველოდით.
თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წინა სხდომასთან შედარებით, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც გაძლიერებულია, ამიტომ დეკემბრის სხდომაზე სიტუაცია უფრო გაურკვეველია.
ჩვენი საბაზრო სცენარი მაინც ის არის, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი 8.25%-ზე შენარჩუნდება, მაგრამ სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, თუ უფრო ხისტ მაჩვენებლებს შევხედავთ, შედარებით ინფლაციური წნეხის დაჩქარებაზე მიუთითებს. ამაზეც გვქონდა პუბლიკაციაში საუბარი.
თუ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, იმ ფაქტორთან ერთად, რომ გლობალურად ფინანსური პირობები მკაცრდება, მათ შორის, დეკემბერში მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროზონაში დამატებით გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, რაც, რა თქმა უნდა, ლარისა და უცხოური განაკვეთების საპროცენტო დიფერენციალს ამცირებს და ესეც გამკაცრების არგუმენტია.
ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე საუბარი იმაზე, რომ დეკემბერში განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდოს. ამის ალბათობა მაღალია, თუმცა ჩვენი საბაზრო სცენარი, როგორც გითხარით, დღევანდელი მდგომარეობით, მაინც 8.25% რჩება“, - აცხადებს ნიკოლოზ ზურაბიშვილი.