Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის
„საქსტატის მიხედვით 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6პპ-ით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა.
სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უძრავი ქონება (+18.8% წ/წ), განათლება (+29.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.0% წ/წ), ICT (+12.2% წ/წ), მშენებლობა (+10.3% წ/წ) და ტრანსპორტი (+9.7% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების (-11.6% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (-1.8% წ/წ) დარგებში. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ვზრდით 7.0%-მდე 6.0%-დან“, - ნათქვამია Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826