Galt &Taggart - 2024 წლის ფისკალური პარამეტრები ჯანსაღია
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ფისკალური დეფიციტის და მთავრობის ვალის პარამეტრები მშპ-ის მიმართ შესაბამისად 2.5% და 38.0%-ის დონეზეა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით და კიდევ უფრო მკვეთრი გაუმჯობესებაა პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული პარამეტრებისგან, როცა 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%, ხოლო მთავრობის ვალი 60.2%-ს შეადგენდა მშპ-თან მიმართებაში.
ამასთან, 2024 წლის ბიუჯეტი ეფუძნება შემდეგ მაკრო პარამეტრებს: ეკონომიკური ზრდა - 5.2%, ინფლაცია - 3.0% და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში - 2.71.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემოსავლების 90.4%-ს გადასახადები აგენერირებს, რომელიც 22.1 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი, რაც მშპ-ის 25.6%-ია. რაც შეეხება მიმდინარე ხარჯებს, ყველაზე მსხვილი ხარჯვითი კატეგორია 38.7%-იანი წილით სოციალური მიმართულების ხარჯებია (პენსიები და ჯანდაცვა), შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება (15.6% წილი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (14.7%).
ამასთან, პენსიის ინდექსაციის გათვალისწინებით, 2024 წლის იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიები 50 ლარით - 415 ლარამდე, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით- 315 ლარამდე იზრდება.
მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების მაღალ დონეს. 2024 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯები წლიურად 5.4%-ით იზრდება 7.1 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ის 8.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-ში 8.0%-9.0%-ის ფარგლებშია, რასაც ეკონომიკურ აქტივობაზე განგრძობითი პოზიტიური გავლენა აქვს. რაც შეეხება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების განკერძოებას, ამ კუთხით წინა წლის მსგავსად, 2024 წლის ბიუჯეტში 350 მლნ ლარის აქტივების პრივატიზაციაა დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826