Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს
Galt & Taggart-ი განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის ეკონომიკური ზრდის გადახედვას მოიაზრებს საბაზისო 5%-იანი მაჩვენებლიდან ზრდის მიმართულებით. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ინფლაციის, მონეტარული პოლიტიკის და მშპ-ს კომპონენტზე:
ეკონომიკური ზრდა | საქართველოს ეკონომიკური ზრდა იანვარში დაჩქარდა და 11.1%-ით განისაზღვრა, წინა თვის 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, სამშენებლო, ICT, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებში გაზრდილი აქტივობით. იანვრის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის საბაზისო საპროგნოზო 5%-იანი მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით გადახედვას მოიაზრებს, მას შემდეგ, რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.
ინფლაცია | იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.0% შეადგინა. Galt & Taggart-ი 2025 წელს საშუალო წლიურ ინფლაციას 3.9%-ს ველოდებით.
მონეტარული პოლიტიკა | 2025 წლის 29 იანვარს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 8.0%-ზე შენარჩუნების შესახებ. Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი 2025 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რეფინანსირების განაკვეთს 8.0%-ზე.
Galt & Taggart-ის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებით 2,88 იქნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826