გამჭვირვალე და ობიექტური საკონკურსო პროცესის შედეგად საპენსიო ფონდს ეყოლება პროფესიონალური მმართველი საბჭო - ლევან დავითაშვილი
„რამდენიმე რაუნდი გვქონდა კანდიდატებთან გასაუბრებების, ინტერესი იყო ძალიან მაღალი, მათ შორის, საერთაშორისო ინტერესი - ძალიან ბევრი უცხოელი პროფესიონალის განაცხადი მივიღეთ. დიდი დრო დახარჯა კომისიამ გასაუბრებებზე, საკმაოდ მაღალი დონის კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი. ქულების მიხედვით შეირჩა საერთაშორისო გამოცდილების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაღალი დონის პროფესიონალები" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, გამჭვირვალე და ობიექტური პროცესის შედეგად საპენსიო ფონდს ეყოლება პროფესიონალური მმართველი საბჭო.
„რეფორმა ითვალისწინებდა მმართველობითი სტრუქტურის გაუმჯობესებას და მეორე ეტაპზე გადასვლას - იცით, რომ საპენსიო ფონდი, პირველ ეტაპზე, მუშაობდა საპილოტე რეჟიმში, რომლის დროსაც საბჭოში პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო წარმოდგენილი, ეს შეიცვალა პროფესიონალი, მუდმივი ბორდით, რომელიც უფრო მეტად იქნება ჩართული მმართველობით სტრუქტურაში. კანონმდებლობის მიხედვით, უნდა მოხდეს მარტში წარდგენა და საბოლოოდ ახალი სტრუქტურა უნდა იყოს პირველი აპრილისთვის" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826