განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარების ფონზე, კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება გაჩნდება - რომეო მიქაუტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 34 მემონტაჟეს, რომლებმაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შედგენილი გადამზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონისა და მემონტაჟეთა პროგრამის მნიშვნელობაზე ენერგეტიკული სექტორისა და ქვეყნისთვის. მისი თქმით, განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციისა და შესაბამისი ბაზრის განვითარებასთან ერთად, წარმოიქმნა სერტიფიცირებულ და კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება.
„მისასალმებელია, რომ ინტერესი ამ პროგრამაში მონაწილეობის მხრივ ძალიან დიდია. მათ შორის, იმ სპეციალისტების მხრიდანაც, რომლებიც მსგავსი ტექნოლოგიების მონტაჟს აქამდეც ახორციელებდნენ. სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობა გაზრდის მათ მიმართ მომხმარებლის ნდობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ბიზნესში, ასევე მცირე საოჯახო მეურნეობებში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების გამოყენებაზე", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
სერტიფიცირების პროგრამა მოიცავდა სპეციალისტთა გადამზადებას შემდეგი სპეციალობებით: მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; მზის თერმული სისტემების მონტაჟი; ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი და ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი.
მოკლე მისალმებების შემდეგ, გაიმართა გადამზადებული სპეციალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. რომეო მიქაუტაძესთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა ანა-ვალერი პეტერსმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა განისაზღვრა კანონით „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ".
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826