განათლებაში ინვესტირება, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს - გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე
განათლებაში ინვესტირება მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რისი გათვალისწინებაც მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხდება.
„ბიუჯეტის შედგენისას შეიძლება ბევრ პრიორიტეტზე იყოს ხოლმე საუბარია, მაგრამ ზოგადად ამ პრიორიტეტებს დავყოფდი სამ ნაწილად. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლება და ბოლო პერიოდში განათლების პრიორიტეტულობა ბიუჯეტის დაფინანსების ნაწილში ცალსახად აისახება. ბოლო 4 წელიწადში განათლების დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია. და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, სწორედ განათლებაში ინვესტირება მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. მეორე მიმართულება არის უკვე, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, ასევე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ლოგისტიკის განვითარებისთვის, ასევეა მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები. ამ მიმართულებით ხდება ყოველთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა. და მესამე მიმართულება ეს არის სოციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია ვიდრე ქვეყანას ჰყავს დიდი რაოდენობა მოსახლეობის, რომელიც არის გარკვეულწილად სიღარიბის ზღვრის ფარგლებში. ასევე მუდმივად გვეყოლება პენსიონერების მზარდი რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფოსგან ყოველთვის დაჭირდება მხარდაჭერა. შესაბამისად, სამივე ეს მიმართულება აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, ერთის მხრივ დასაქმებასა და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ვისაც დღეს დახმარება სჭირდება ამ ადამიანების დასახმარებლად, რომ მოხდეს თანხების მობილიზება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826