განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის იდენტიფიცირებული და გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქციის მაღალ ფასებზე.
„მეორე მხრივ, არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ქართულ მარკეტებში ნაკლებად ვხედავთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ეს, ფაქტობრივად, სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე უცხოური, იმპორტირებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება - მარიამ ქვრივიშვილი
11.06.2026.20:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ,მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.