განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრების შემდეგ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოებს.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებთან. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - გაზრდილია ინტერესი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებზე, ისევე როგორც უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვექნება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა არის ძალიან გაუმჯობესებული უშუალოდ საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით - კონკრეტულად დუბაიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.
„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, რომელმაც ძალიან გააძლიერა მისი როლი შუა დერეფნის კონტექსტში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი და უფრო კონკრეტულად, თუ როგორ ვზრდით ჩვენ არსებულ ტვირთგამტარობას 15 მლნ-დან 29-მლნ-მდე, რაც მათ შორის გულისხმობს საპორტო, სარკინიგზო ისევე როგორც სახმელეთო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით მოადგილეებთან: გენადი არველაძესთან და ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად იმყოფება.
სხვა სიახლეები
გაიმართება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი კომიტეტის სხდომა, რომელიც შექმნილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ასევე შევთანხმდით სავაჭრო მისიის გამართვის შესახებ - გენადი არველაძე
15.10.2026.21:21
"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გვქონდა საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებით არსებობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდისთან შეხვედრისას აღინიშნა ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით არსებული დადებითი დინამიკა.
„ხაზი გავუსვით იმ დადებით დინამიკას, რომელიც ორმხრივ ვაჭრობის კუთხით არსებობს - 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 16%-ზე მეტად. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი დამატებით ექსპორტის ზრდას. შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე, ან მაქსიმუმ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ერთობლივი კომიტეტის სხდომა, რომელიც შექმნილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს იქნება ორ მხარეს შორის პირველი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ, თუ რა მექანიზმებით შეიძლება დამატებით შევუწყოთ ხელი ვაჭრობას როგორც საქართველოდან, ასევე საამიროებიდან", - განაცხადა გენადი არველაძემ.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ სავაჭრო მისიის, ასევე კომიტეტის სხდომის პარალელურად ორმხრივი შეხვედრების გამართვის თაობაზე.
„სავაჭრო მისიის ფარგლებში დავაიდენტიფიცირებთ კომპანიებს და კომიტეტის პარალელურად გავმართავთ ორმხრივ შეხვედრებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის ექსპორტის ზრდას საამიროების ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ საამიროები დაინტერესებულია სხვადასხვა აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან და ამ კუთხით საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო ბაზარს", - აღნიშნა გენადი არველაძემ.