განვაგრძობთ ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში - TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი
დღეს კიდევ ერთი ახალი, კომფორტული სივრცე შეემატა თბილისის აეროპორტს, ეს არის ახალი ბიზნესლაუნჯი, ვფიქრობ რომ ძალიან მოეწონება ყველა მგზავრს, რომელიც მიფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მგზავრთნაკადი ივნისში 50%-ითაა გაზრდილი და შესაბამისად ძალიან დროული იყო ეს პროექტი.
„თბილისის აეროპორტის ლაუნჯის მოცულობა გაიზარდა 84%-ით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ 73%-ით მეტ მგზავრს მოვემსახუროთ. ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთნაკადი წლიურ ჭრილში 35%-ით არის გაზრდილი. ჩამოფრენის ტერმინალში გვაქვს პროექტი, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. იზრდება სასაზღვრო სივრცე და ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე, რაც მგზავრთნაკადისთვისა და იმ ტრაფიკისთვის რაც ახლა გვაქვს, არის აუცილებელი და საჭირო.
ასევე მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ველოდებით უფრო მეტ ჩარტერს, უფრო მეტ ავიაკომპანიას. გვაქვს მოლოდინი, რომ მგზავრთნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს ორივე აეროპორტი ამისთვის კიდევ უფრო მომზადებული იქნება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.