განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი" გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი - პრემიერი
საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან, ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში, სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის" განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი" გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით.
სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის" განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის.
საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი" გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
09.09.2026.19:37
„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და 2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„2012 წელს ჩვენ თუ გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს უკვე გვყავს 21 000 მეზღვაური, რაც ნათლად აჩვენებს ინტერესის ზრდის ტენდენციას . წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კონტინგენტის მიღება გავაორმაგეთ. წინა წელს თუ ჩვენ ვიღებდით 450 სტუდენტს, წელს უკვე 900-მდე სტუდენტის მიღების საშუალება გვქონდა. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად შევძლებთ უმაღლესი მიმართულებით სტუდენტების მიღებას. იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ როგორც სწავლის ხარისხი, ასევე დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ძალიან კვალიფიციური კადრები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.