განვითარების ყველა ეტაპზე მყოფ ბიზნესებს დავეხმარებით კორპორაციიდან ახალი ან განახლებული მექანიზმით - ირაკლი გაბრიაძე
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, კორპორაციის პორტფელში ბიზნესის დაფინანსების მიმართულება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კომპონენტად რჩება. მისი თქმით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უკვე 3 500-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, მხარდაჭერა მიიღო 2 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა, ხოლო განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით 6 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ჩვენი პროგრამების ფარგლებში კვლავ საკმაოდ აქტიურია ბიზნესსესხების მიმართულება. ჩვენს პორტფელში არსებული ყველაზე დიდხნიანი პროგრამა სესხის პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 3 500-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ბენეფიციართა რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს, ხოლო განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 6 მილიარდ ლარს მიაღწია.
ასევე საინტერესოა ჩვენი საკრედიტო-საგარანტიო სქემა. აქაც, 2 000-ზე მეტი სესხი გვყავს მხარდაჭერილი და სესხების მოცულობა ამ პროგრამაში 1.5 მილიარდ ლარამდეა. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში მხარს ვუჭერთ კომპანიებს გარანტიის მექანიზმით - 80%-ის გარანტორი ამ პროგრამაში სესხზე სახელმწიფოა. და ძალიან წარმატებით მუშაობს ეს მრავალ სექტორში, იქ სადაც განსაკუთრებით არსებობს უზრუნველყოფის პრობლემა.
ასევე აღსანიშნავია და გამოვყოფდი მცირე სესხების პროგრამას, მიკრო სესხების პროგრამას, რომელიც არის 20-დან 50 ათას ლარამდე პროგრამა, რომელიც შეიქმნა სააგენტოში, სააგენტოსვე დიზაინით. და ამ პროგრამის ფარგლებში 1 700-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს უკვე დაფინანსებული და ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, რომ 50 ათას ლარამდე სესხი უპროცენტოდ აიღონ საქართველოს მასშტაბით. და ისარგებლონ ასევე 80 პროცენტიანი გარანტიით. გვაქვს ასევე ქეშბექ მექანიზმები და ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ სტარტაპებზე გაიცეს აღნიშნული სესხები და გვყავს ძალიან საინტერესო ბენეფიციარები მრავალ სხვადასხვა სექტორში“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია მხარდაჭერის მექანიზმები ბიზნესის ყველა სეგმენტსა და განვითარების ყველა ეტაპზე მყოფ კომპანიას შესთავაზოს. კორპორაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მიკრობიზნესისთვის უკვე მოქმედებს მიკროსესხების პროგრამა, რომლის გაფართოება და ლიმიტების გაზრდაც იგეგმება, ხოლო წარმატებული ბენეფიციარები დამატებით მხარდაჭერას მიიღებენ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება სესხის პროცენტის სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო და ექსპორტის მხარდაჭერის მექანიზმები, ხოლო შედარებით მსხვილი კომპანიები კაპიტალის ბაზრებსა და საინვესტიციო ფონდების განვითარების პროგრამებზე წვდომას მიიღებენ.
„ჩვენი ამბიცია და ხედვაა, რომ ყველა ტიპის ბიზნესს შევთავაზოთ მხარდაჭერის მექანიზმები და ყველა ტიპის, ყველა განვითარების ეტაპზე მყოფ ბიზნესს შევთავაზოთ მხარდაჭერის მექანიზმები. მიკრო სესხების მიმართულებით უკვე გვაქვს პროგრამა და მომავალში ვგეგმავთ აღნიშნული პროგრამის გაფართოებას, ვგეგმავთ ლიმიტების გაზრდას და ვგეგმავთ ასევე, რომ ჩვენს წარმატებულ ბენეფიციარებს აღნიშნულ პროგრამაში შევთავაზოთ მეორე ნაბიჯის გადადგმაში მხარდაჭერა, რაც იმედი გვაქვს, რომ მათ ზრდას დაეხმარება.
რაც შეეხება საშუალო ტიპის ბიზნესისთვის, უკვე მცირე და საშუალო ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც აღარ არის დამწყებ ეტაპზე, იქ გვაქვს სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, იქ გვაქვს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმები, იქ გვაქვს ტექნიკური დახმარების არაერთი პროგრამა, იქ გვექნება ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომლებიც მრავალ ასპექტს დაფარავენ.
და ცოტა უფრო მსხვილი ბიზნესისთვის უკვე გვაქვს კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერის პროგრამა და ასევე ფონდების განვითარების, საინვესტიციო ფონდების განვითარების პროგრამა მათ ინტერესებს მოემსახურება უფრო მეტად. ანუ ყველა, განვითარების ყველა ეტაპზე მყოფ ბიზნესებს დავეხმარებით კორპორაციიდან ახალი ან განახლებული მექანიზმით, რომელიც იქნება კორპორაციის პორტფელში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას - ირაკლი ნადარეიშვილი
22.06.2026.14:15
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის - როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მხრივ. დღეიდან მილიონობით ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური მუშაობა. მისივე თქმით, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.
„მცირე და საშუალო მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეთავაზება, თავიანთი სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ Google-თან თანამშრომლობა ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის Google Street View-ს განვითარების მიმართულებით - უფრო მეტი არეალი იქნება დაფარული, ასევე საფეხმავლო ზონები ჩვენს ტურისტულ ქალაქებში. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, რომლებიც თავის მხრივ ასევე წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებს", - განაცხდა ირაკლი ნადარეიშვილმა.
Google Street View-ს საქართველოში ოფიციალური ოპერირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
გლობალური პროექტის ფარგლებში, Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით საქართველოს ბუნებას, ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს.