გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფერმერებს ფერმერთა დღეს ულოცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფერმერებს ფერმერთა დღეს ულოცავს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა უკვე ათეულ წელზე მეტია სახელმწიფომ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ათეულ წელზე მეტია იქმნება და ხორციელდება შეღავათიან ფინანსურ რესურსზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, თანამედროვე განათლებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები; უმჯობესდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, მიზნობრივი მხარდაჭერით იზრდება გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების რაოდენობა. უკვე ათეულ წელზე მეტია ჩვენი ფერმერები და მეწარმეები, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქმნიან ხარისხიან, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნად ქართულ პროდუქციას და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
2015 წლიდან, 20 ნოემბერს ფერმერის დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ამ დღეს განსაკუთრებულად, ხაზგასმით გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი ფერმერებისადმი თავდაუზოგავი შრომისთვის, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაციისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული გამორჩეული პროდუქციის შექმნით და საერთაშორისო ბაზრებზე გატანით საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენისთვის.
გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ მეტად გაძლიერებას, წარმატებებს გისურვებთ!“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).
„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერის დღეს 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღნიშნავს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826