გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ლევან დავითაშვილი
„გასულ წელს პირველად ქვეყანაში, ერთი წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს საქართველოში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ტენდენციების შესახებ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქსტატის მიერ დაზუსტებულ იქნა ინფორმაცია გასული წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით - სამი კვარტლის შედეგების მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ 600 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები იყო განხორციელებული, თუმცა მეოთხე კვარტლის მონაცემებთან ერთად მათმა ოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყო - მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი. უფრო კონკრეტულად: 2-ჯერ მეტად (142.5%-ით) არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 859.6 მლნ. აშშ. დოლარს ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%-ს შეადგენს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428.3 მლნ. აშშ. დოლარი), ამას მოყვება აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები.
„საინვესტიციო სექტორებიც ძალიან დივერსიფიცირებულია - გარდა იმისა, რომ ჩვენ ტრადიციულად ენერგეტიკაში გასულ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც ასევე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით - ეს არის როგორც უძრავი ქონება, მშენებლობა, ისე ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციების ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (526.4 მლნ. აშშ. დოლარი) მე-2 ადგილზე უძრავი ქონების სექტორია (406.9 მლნ. აშშ. დოლარი). გარდა ამისა, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826