გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოებში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.
როგორც მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ აღნიშნა, ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროცესები, ხორციელდება დარგის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით.
მინისტრის თქმით, აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც მოწვეული ექსპერტების, ასევე ადგილზე სამუშაო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით.
„ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი ან მუნიციპალიტეტი, სადაც არ გვქონია შეხვედრები ფერმერებთან და ადგილზე არ გავცნობოდით არსებულ მდგომარეობას. პირადად მე, გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას.
სრულყოფილად იყო შესწავლილი როგორც ქვეყნის შიდა ბაზარი, ასევე არსებული მდგომარეობა პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. რეგიონებიდან და სხვადასხვა ასოციაციიდან მიღებული მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილებებსა და ფორმირებაში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტომ წარმოადგინა პროგრამების ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სახით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826