გასული წლების საშუალო ან მედიანური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, იმავე დაფარვისთვის საჭირო რეზერვების მოცულობა 2027 წლისთვის, შესაძლოა, დაახლოებით, 10.4-10.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს - TBC Capital
საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა იზრდება შესაბამისობის ნორმაც.
საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ივლისის ბოლოსთვის 7.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მონაცემთა ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენს. რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს.
ამავდროულად, მთლიანი მოცულობის მიღმა რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო. კერძოდ: ა) სებ-ის სავალუტო შესყიდვები თავად რეზერვების ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება; ბ) წმინდა რეზერვები მთლიანზე უფრო სწრაფად გაუმჯობესდა; გ) პარალელურად იზრდება თავად შესაბამისობის ნორმის დონეც.
2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 5.0 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა: 2.4 მილიარდი აშშ დოლარი 2025 წელს და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი 2026 წლის პირველ შვიდ თვეში. მიმდინარე წელს საშუალო თვიური შესყიდვა 360 მილიონ აშშ დოლარამდე იყო, აპრილ-ივლისში კი 500 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. შესყიდვების საერთო მოცულობასა და რეზერვების ზრდას შორის სხვაობა სხვა პარალელურ ტრანზაქციებს უკავშირდება, მათ შორის კომერციული ბანკების სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, მთავრობის ოპერაციებსა და საგარეო ვალის მომსახურებას. ამდენად, ინტერვენციების მოცულობა რეზერვების ზრდაში პირდაპირ არ ითარგმნება.
მკითხველისთვის ცნობილია, რომ სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში სიჭარბე ფიქსირდება, რაც სებ-ის შესყიდვების ძირითადი მხარდამჭერი ფაქტორია. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. ჩვენი შეფასებით, ტენდენცია მეორე და მესამე კვარტლებშიც ნარჩუნდება. რეზერვების ზრდაში წვლილი ოქრომაც შეიტანა, რომლის ფასიც, აგვისტოს მდგომარეობით, 2024 წლის მარტში პირველი შესყიდვის შემდეგ, დაახლოებით, გაორმაგდა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მართალია, ბოლო ერთი წლის ჭრილში ოქროს ფასის მკვეთრ ზრდაში მოკლევადიანი ფაქტორების წვლილის უგულებელყოფა არ შეიძლება, თუმცა ტენდენცია დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს უკავშირდება.
ამავდროულად, ივლისის ბოლოსთვის 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია წმინდა რეზერვების ჩვენმა შეფასებამ, რომელიც მთლიანი მოცულობიდან კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვებს, სსფ-ის კრედიტსა და განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს (SDR) გამორიცხავს. შედეგად, წმინდა რეზერვების წილი ჯამურ მაჩვენებელში 66.6%-მდე გაიზარდა, რაც სულ მცირე 2015 წლის შემდეგ - საიდანაც მონაცემები არის ხელმისაწვდომი - ყველაზე მაღალი ნიშნულია.
რაც შეეხება სსფ-ის შესაბამისობის ნორმას, ის ეკონომიკის პოტენციურ სავალუტო საჭიროებებს აერთიანებს და მიღებულ ნიშნულს მთლიან რეზერვებს ადარებს. ეს ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო საზომია და ქვეყნებს შორის შედარების გაკეთების საშუალებას იძლევა. თუმცა, გასათვალისწინებელია ორი გარემოება. პირველი, შესაბამისობის ნორმა მთლიან რეზერვებს ეყრდნობა, ნაცვლად წმინდა რეზერვებისა, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, უკეთ ასახავს საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი რესურსის მოცულობას. აგრეთვე, ნორმა წლის განმავლობაში დაფიქსირებულია - ცვლილებები გადახედვის შემდეგ წინა თვეებზეც ვრცელდება - და ყოველწლიურად ხელახლა დგინდება. შედეგად, მთელი წლის ცვლილება ხშირად ერთ თვეში აისახება - მაგალითად, 2025 წლის იანვარში შესაბამისობის ნორმასთან შეფარდება 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა მაშინ, როცა თავად რეზერვები პრაქტიკულად არ შეცვლილა.
აქედან უფრო ზოგადი დაკვირვება გამომდინარეობს. შესაბამისობის ნორმა, როგორც წესი, სწორედ მაშინ იზრდება ყველაზე სწრაფად, როცა სავალუტო შემოდინებები მაღალია - ანუ მაშინ, როცა სებ ყველაზე მეტს ყიდულობს, ვინაიდან იმავე პერიოდში იზრდება დანაზოგებიც, საგარეო ვალდებულებებიც და ექსპორტიც. საპირისპირო მაგალითია ოქრო: მისმა გადაფასებამ რეზერვები გაზარდა, ნორმაზე კი გავლენა არ მოუხდენია. ამდენად, რეზერვების სწრაფი დაგროვება შესაბამისობის მაჩვენებლის ისეთივე სწრაფ გაუმჯობესებას ყოველთვის არ იწვევს.
მსგავსი სურათი იკვეთება სხვა საზომებითაც. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, რეზერვები მიმდინარე იმპორტის, დაახლოებით, 4.0 თვის, ხოლო მომდევნო წლის მოსალოდნელი იმპორტის 3.7 თვის დასაფინანსებლადაა საკმარისი, რაც სტანდარტულ სამთვიან ნიშნულს აღემატება. 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა სსფ-ის სხვა შეფასებაც, რომელიც რეზერვებიდან მომდევნო 12 თვის მოკლევადიან ვალდებულებებს გამორიცხავს, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო სამომავლო ლიკვიდობის საზომია, ვიდრე - ამჟამად ხელმისაწვდომი ბუფერის.
სამომავლო პერსპექტივის მხრივ, რეზერვების დაგროვების კუთხით ცალსახა ორიენტირი არ არსებობს. სსფ-ის შესაბამისობის ნორმის 118.7%-იანი მაჩვენებელი სტანდარტულ 100-150%-იან დიაპაზონშია და სხვა განვითარებადი ქვეყნების საშუალო/მედიანურ მაჩვენებლებთან ახლოსაა. ამასთან, სსფ-ის შეფასებით, საქართველოსთვის - ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით - ოპტიმალურ დიაპაზონად 145-150% მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ეს ექსპერტული შეფასებაა და არა ოფიციალური რეკომენდაცია ან სებ-ის მიზნობრივი ნიშნული.
მოცემული ნიშნულის საორიენტაციოდ გამოყენების შემთხვევაში, მიმდინარე ნორმის პირობებში 150%-იანი შესაბამისობისთვის საჭირო იქნებოდა რეზერვების 9.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა, რაც ბოლო თვეების ტემპით, დაახლოებით, შვიდიდან ათ თვემდე პერიოდს მოითხოვს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, იცვლება თავად ნორმაც. გასული წლების საშუალო ან მედიანური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, იმავე დაფარვისთვის საჭირო რეზერვების მოცულობა 2027 წლისთვის, შესაძლოა, დაახლოებით, 10.4-10.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის შესაბამისობის ნორმასთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა, 129%-იან ნიშნულზე (სსფ-ის მეთოდოლოგიით).
მოცემული გათვლები სხვადასხვა სცენარის საორიენტაციო ანალიზს წარმოადგენს და კონკრეტულ სამიზნე თარიღად ან მოცულობად არ უნდა იყოს აღქმული. პრაქტიკაში, შესყიდვები საგარეო ბალანსსა და ბაზარზე არსებულ სავალუტო შემოდინებებთანაა თანხვედრაში. სამომავლო ტემპიც სწორედ ამ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის. უახლესი მონაცემები, პირიქით, ბოლო პერიოდში შემოდინებების აჩქარებაზე მიუთითებს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ მოცულობითი შესყიდვები გაგრძელდება, თუმცა მათი ტემპი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციისა და ლარის გაცვლითი კურსის დინამიკაზეც იქნება დამოკიდებული.
სხვა სიახლეები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია - Galt & Taggart
17.08.2026.09:30
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება - 2026 წლის II კვარტლის მიმოხილვა" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.
,,საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 13.4%-ით 2,200 ბინამდე გაიზარდა (+11.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 5.3%-ით 1,968 ბინამდე შემცირდა (+7.4% წ/წ 2026 წლის პირველ ნახევარში).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშნველოვნად 35.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში +47.9% წ/წ.
2026 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1,960 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.8% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1,497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს", - წერს Galt & Taggart-ი.
დოკუმენტის თანახმად, ბათუმში საშუალო დღიური ქირა (ADR) 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ADR-ის შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც შესადარის ქალაქებს შორის კვლავ ერთ-ერთი მაღალია.