გავართიანებთ ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ საერთაშორისო აეროპორტებთან - მარიამ ქვრივიშვილი
შიდა ფრენების პროექტში ჩართვას 3 ავიაკომპანიისგან მოელიან. სატენდერო პირობები დასამტკიცებლად თითქმის მზადაა და მალე გამოცხადდება კიდეც.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საავიაციო ხელისუფლებას სატენდერო პირობების მომზადებამდე არაერთხელ ჰქონდა შეხვედრები ავიაკომპანიებთან, იმისთვის რომ ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი უკუკავშირი.
„ჩვენი მიზანია ვნახოთ მეტი კომპანია საავიაციო ბაზრის ტენდერში, იმისთვის რომ ერთის მხრივ ჩვენც უზრუნველვყოთ მაღალი კონკურენცია, მაგრამ მეორეს მხრივ ჰქონდეთ შესაძლებლობა ქართულ ავიაკომპანიებს, რომ შეძლონ ოპერირება შიდა ფრენებზე.
სწორედ აქედან გამომდინარე 2024 წელს გვექნება ახალი მიმართულება. უკვე შევარჩიეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება თელავის აეროპორტის მშენებლობა და განვითარება. ეს რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის. განსაკუთრებით სასიხარულოა კახეთის რეგიონისთვის.
ამ იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ ჩვენ გავაერთიანებთ ქვეყნის ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ ყველა საერთაშორისო აეროპორტთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ტურისტული ნაკადების სწრაფი მოძრაობა ქვეყნის რეგიონებს შორის. მათ შორის თელავის აეროპორტს დავაკავშირებთ ბათუმთან, მესტიასთან, ამბროლაურთან, ისევე როგორც მესტიას დავაკავშირებთ ბათუმთან და ამბროლაურთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826