გაზის ბაზარი, ელექტროენერგეტიკის ბირჟის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნება - დავით ნარმანია
გაზის ბაზრის გახსნა, ბაზრის კონვენციის მიხედვით, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, ერთი წლით მოსდევს ელექტროენერგეტიკის ბაზრის გახსნის საკითხებსა და პროცედურებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა. .
„ამ თვალსაზრისით ძირითადი მარეგულირებელი ნორმები უკვე მიღებულია და გარკვეული კრიტიკული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს, რათა ვაჭრობის პლატფორმა და სისტემა იყოს მომზადებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნა.
გაზს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია ვიდრე ელექტროენერგეტიკის სექტორს, რადგან ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა უფრო შეზღუდულია, ვიდრე ელექტროენერგეტიკის სექტორში და პლატფორმაც ოდნავ განსხვავებული იქნება. როგორც კი ელექტროენერგიის ბაზარი გაეშვება, ამის შემდეგ უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ ერთი წლის შემდეგ გაიხსნას ეს ბაზარიც.
გაზის ბირჟაზე იქნება რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი. ეს არიან ძირითადად გაზის მიმწოდებელი კომპანიები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ცნობილია, რომ ენერგეტიკული ბაზრის გახსნამ 2024 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწია.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მედიას განმარტა, რომ შესაძლოა, ელექტროენერგეტიკული და გაზის სექტორი ერთი ბირჟის ქვეშ იყოს.
„ამ კუთხით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ იყოს ბირჟა, რაც შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, ამ პლატფორმის ფარგლებში, რომელიც უკვე შეძენილი აქვს სახელმწიფოს და ელექტროენერგეტიკის ბირჟის მუშაობა მიმდინარეობს, ამ სოფტს მიემატება გაზის პლატფორმაც, რომელიც ერთიანობაში იგივე ფუნქციას შეასრულებს, იგივე ბირჟა იქნება და არ იქნება განცალკევებული სუბიექტი, რომლის საშუალებასაც იძლევა ჩვენი ქვეყნის პატარა ბაზარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. .
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, მისი ამოქმედება ამ დრომდე 6-ჯერ გადაიდო, რის შემდეგაც ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ თანამდებობა დატოვა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826