გაზმომარაგების სექტორშიც კომპანიების გაყოფის პროცესი დაიწყება და განაწილებას და მიწოდებას სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტი მოახდენს - სემეკის თავმჯდომარე
გაზმომარაგების სექტორშიც, ისევე როგორც ელექტროენერგიის სექტორში რეფორმები დაწყებულია, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია მეორადი კანონმდებლობის ძირითადი ნაწილი.
„ახლა მიმდინარე წელს იქნება კომპანიების გაყოფის პროცესი, როგორც ელექტრო ენერგეტიკაში გაკეთდა განაწილება და მიწოდების საქმიანობა გაიყოფა ერთმანეთისგან. გარკვეული კონკურენციაც გაჩნდება, რითაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ და მიიღონ სარგებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე მოქმედ ენერგეტიკულ ბირჟას დაემატება პლატფორმის კომპონენტი, სადაც გაზით ვაჭრობა იქნება. ესეც სიახლე იქნება გაზის მსხვილი მომხმარებლებისთვის.
რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, წყალმომარაგების სექტორში მნიშვნელოვანი ამოცანები არის მეტი ინვესტიციის განხორციელება და კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს ჯივიპის არეალში შევითანხმეთ მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციები. ჯამში დაახლოებით 240 მლნ ლარი უნდა დახარჯოს ჯივიპიმ თბილისში, რუსთავში და მცხეთაში სამი წლის განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის. გასული წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული დიდი პრობლემა დედაქალაქში, იგივე გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემის გამოცვლასთან დაკავშირებით უკვე დასრულდა. აღნიშნული პროექტი თითქმის ბოლომდე გავიდა. 22 მლნ ლარი დაიხარჯა მხოლოდ ამ ნაწილში. რუსთავში ძალიან ბევრი პრობლემა მაგისტრალურ წყალსადენებზე არსებულ ავარიებთან დაკავშირებით მოგვარდა და ახლაც მიმდინარეობს პროექტები, როგორიც არის მაგისტრალური წყალსადენების გამოცვლა, ასევე რუსთავს ჰქონდა მხოლოდ ერთი წყალმომარაგების სისტემა, სადაც ხშირი იყო ავარიები და ამ წყალმომარაგების მთავარი მაგისტრალი 18 კმ-იანი მაგისტრალის, დაახლოებით ნახევარი გამოიცვალა და ახალი გაკეთდა, რაც ასევე ავარიებს შეამცირებს და საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს წყალმომარაგების სექტორში ავარიები და მომხმარებელი იყოს უფრო მეტად უზრუნველყოფილი და კმაყოფილი“, - განაცხადა ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826