გენადი არველაძე: ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო სხდომა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
გენადი არველაძის თქმით, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ევროკავშირის კანონმდელობასთან დაახლოება, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც დაყოფილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ნავთობის, ნახშირწყალბადის რესურსების ძიება-მოპოვების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ნაწილებად. მისი თქმით, 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და რეგულაციებთან.
გენადი არველაძის განცხადებით, საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტზე, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამჟამად პროექტში ჩართულია ასევე აზერბაიჯანი და უნგრეთი. მისი თქმით, ამავე წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების ახალი მხარდაჭერის სქემა, რომელმაც მნიშვნელოვნად წაახალისა საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმით, კონკურენტული სიმძლავრის აუქციონების საფუძველზე. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში 2023-2024 წლებში უკვე ჩატარდა 2 სიმძლავრის აუქციონი, ჯამურად 1100 მგვტ სიმძლავრეზე.
გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. „ბოლო 10 წლის განმავლობაში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 8 ქვესადგური და სხვადასხვა ელექტროგადამცემი, მათ შორის, ორჯაჭვა ხაზები, ასევე დაახლოებით 738 მგვტ სიმძლავრის სადგურები, მათ შორის, 57 ჰიდრო და 1 ქარის ელექტროსადგური,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძემ განსაკუთრებულად გამოყო 2023 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი, რაც, სამომავლოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან ენერგეტიკის სექტორში.
მოხსენებაში მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე, გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ენერგეტიკის სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით და ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება.
საკომიტეტო მოსმენაში ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს ეკონომიკური პრფილის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826