გენადი არველაძე: OECD - ის კვლევაში საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალურ საქმეთა დირექტორს ანდრიას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა OECD - ის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და მადლობა გადაუხადა ანდრიას შაალს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის 2025 წლამდე გაგრძელებისთვის. მისი თქმით, საქართველო 2010 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ამ პროგრამასთან, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის რეფორმის მიმართულებით.
გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას OECD - ისთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის SME Policy Index - ის სამივე რაუნდის (2012, 2016, 2020) შეფასებებში საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეფასების მეოთხე რაუნდში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება მის მიერ გატარებული რეფორმების და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წელ საქართველოში OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში OECD - ის გენერალური მდივანი ეწვევა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826