გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს.
მინისტერიალის მონაწილეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გამართული მუშაობა, რასაც უზრუნველოფს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული საყოველთაო წესები.
„მნიშვნელოვანია, რომ WTO - ს წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მიუერთდა დეკლარაციას ინვესტიციების წახალისებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობას და ინვესტორთა საქმიანობისთვის ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებას. ჩვენ ასევე გამოვეცით მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორიგენდუმი. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მომსახურების სექტორში გამჭვირვალობის ამაღლებას და ბიუროკრატიული ბარიერების მნიშვნელოვნად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით ორივე მიმართულებით, როგორც ინვესტიციების, ისე მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ფართო რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ლიდერ ქვეყნებს შორისაა" - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო ასევე პოზიტიურად განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დღის წესრიგი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ელ.კომერცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები, მეთევზეობის სფეროში სუბსიდირება, მომსახურების სფეროში შიდა რეგულირება და სხვა არსებითი საკითხები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826