გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. ფედერაცია ავსტრიის ინდუსტრიულ სექტორში მოღვაწე მწარმოებლების უმსხვილეს ჯგუფებს აერთიანებს.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მას ასევე დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე. საქართველოს მხარის პატივისცემის მიზნით, ავსტრიის ინდუსტრიების ფედერაციის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან საქართველოს დროშა გამოიფინა.
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოსა და ავსტრიას მრავალწლიანი წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს. მისი თქმით, საქართველოში ავსტრიული კაპიტალის ოდენობა 430 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა - მშენებლობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, კვების მრეწველობა, ტურიზმი და სხვ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ფედერაციის წევრებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა მსოფლიო ბანკის უახლეს Business Ready რეიტინგში. გარდა ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაციის დონე ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
„ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების წყალობით, ქვეყანამ წარმატებით გადალახა საგარეო შოკები, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, რაც განაპირობა ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ დამატებით წამახალისებელ ინსტრუმენტებზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია, სადაც მოქმედებს ლიბერალური საგადასახადო განაკვეთები, დაბალი რისკები, მწვანე ენერგეტიკა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტის შესაძლებლობა მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე.
მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა მიმდინარე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ მარშრუტებში. მისი ინფორმაციით, შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ორი ავსტრიული კომპანია გამოიკვეთა - მათგან ერთი საფოსტო გზავნილების გადაზიდვებს ახორციელებს, მეორე კი საქართველოში საბანკო სერვისების მიწოდებითაა დაინტერესებული. უახლოეს მომავალში კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ და მათ შორის, წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ.
ავსტრიის ინდუსტრიების გაერთიანების წევრებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მეტი დაახლოება და ამ მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826