გენადი არველაძემ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში დაახლოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი წვლილია, რომ ბოლო წლებში საქართველომ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. „ხარისხის ინფრასტრუქტურა როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ევროინტეგრაციის მხრივ პრიორიტეტული მიმართულებაა. 2020 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომლის მიზანია შეზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება. „პროექტის ფარგლებში მოხდება ბაზარზე ზედამხედველობის ადგილობრივი კანონმდებლობის გადახედვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის არსებული სისტემის სრულყოფას და ზედამხედველობის განხორციელებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას და აღნიშნა, რომ დაძმობილების პროექტი გააძლიერებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციურად, ხელს შეუწყობს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდას.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი უკლებამ და ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყების დირექტორმა გოდა ალექსაიტემ. ღონისძიებას ასევე სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ, ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იურგა გრეიჩიენემ, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მარიუშ პიეტრჯაკიმ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826