გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გაფართოვდება - შსს
მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით შსს დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.
„შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.
შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.
მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ შსს-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826