ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დარგის 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მეწარმეებთან და ფერმერებთან კონსულტაციების გარეშე, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას გააგრძელებს არაერთი მიმართულებით, ცხადია, გაგრძელდება მარკეტინგული მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს. გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ყველა მევენახეს მიეცეს ყურძნის შეუფერხებელი ჩაბარების შესაძლებლობა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმა რთველში ჩასართავად და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მზად ყოფნა გამოხატეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826