ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას 60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა.
აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com“ კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.