გიორგი აბაშიშვილი - ეროვნული ბანკი მოქმედებს ზუსტად. დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან დროული და სრულად რელევანტურია
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე მცირდება. ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სებ-ის გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, საქართველო ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკასთან და საფინანსო სისტემასთან, შესაბამისად ადგილობრივად მიღებული გადაწყვეტილებები გაანალიზებული უნდა იყოს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკი არის სწორედ ის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ყველაზე უფრო ზუსტად აკვირდება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს. „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით არის ძალიან დროული და სრულად რელევანტური. წარსულში დაგვიანებული გადაწყვეტილებები იყო ხოლმე პრობლემა, ახლა ქვეყნის ცენტრალური ბანკი მოქმედებს ზუსტად დროში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს პროაქტიური კომუნიკაცია კერძო სექტორთან, პირველ რიგში საფინანსო სექტორთან. გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, გარკვეული ტიპის რისკები ჩნდება ადგილობრივ ეკონომიკაზე და სწორედ ამ გადმოცემის ეფექტის შემსუბუქებას ემსახურება სებ-ის გადაწყვეტილებები. სებ-ის როლი კიდევ უფრო მნიშნელოვანია ამ დროს, რადგან ის არის მასტიმულირებელი და დამცავი ქართული ფინანსური სისტემის და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს ლიკვიდობის შესაძლებლობის ზრდაზე, რადგან გლობალური ფაქტორიდან გამომდინარე გამკაცრებული მიდგომები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს ქმნის, რაც ეკონომიკური შენელების წინაპირობაა. „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რამდენიმე ფაქტორის ღირებულებათა ჯაჭვი იკვრება, ერთის მხრივ კომერციულ ბანკებს გაუთავისუფლდებათ თანხები, რომლებიც შეუძლიათ სესხად გასცენ. მეორეს მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის შესაძლებლობა იზრდება და მესამე, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ახდენს დადებით გავლენას, ამცირებს რისკებს და ასტიმულირებს ზრდის მიმართულებას“, - აცხადებს აბაშიშვილი. შეგახსენებთ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 28 თებერვალს გაიმართება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826