GITA - ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკი ,,Smart Stay ჰაკათონს“ უმასპინძლებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 27-28 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, ,,Smart Stay ჰაკათონი" ჩატარდება. ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.
ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-თელავი/თელავი-თბილისი.
პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10.000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.
ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას. პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საკუთარ რჩეულებს და გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რომელთაც ასევე მიეცემათ მათთან თანამშრომლობის და პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/aej7P
პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.