გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია, საბანკო სექტორს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს - ნათია თურნავა
„2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყნის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის განეიტრალებას.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება.
ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულად დაბალი, მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.
საგარეო ბალანსის გაუმჯობესების ფონზე გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826