Google Street View ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო, რეგიონალური და ლოკალური ბიზნესისთვის - ავთანდილ კასრაძე
„ამიერიდან მთელ საქართველოში ვირტუალურად მოგზაურობა შეგვიძლია, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოებში ჩანს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Google-მა ეს პროექტი განახორციელა“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძის თქმით, Google Street View-ის ამოქმედება საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზაციას და ციფრული რუკების სიზუსტის გაუმჯობესებას.
„ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან უცხოელ ტურისტებს საშუალება ეძლევათ, წინასწარ აღმოაჩინონ სხვადასხვა ადგილები და ქვეყანაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება ასე მიიღონ. გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი კომპონენტია, რაზეც თავად Google-ის წარმომადგენლებმაც გაამახვილეს ყურადღება: ხშირად ხდება, როდესაც ქვეყნიდან დაბრუნებული მოგზაური ახლობლებსა და მეგობრებს რუკაზე უჩვენებს კონკრეტულ ადგილს, თუ სად იმყოფებოდა. ეს ბევრად მარტივს ხდის იმის ჩვენებას, თუ რა საოცარ გარემოში იმოგზაურა ადამიანმა, რაც სხვებსაც უბიძგებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ.
ეს პროექტი ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო, რეგიონალური და ლოკალური ბიზნესისთვის, რათა მათ მიერ შეთავაზებული გარემო უფრო თვალწარმტაცი და ხელშესახები გახდეს. მომხმარებლისთვის მხოლოდ იმის წაკითხვა კი არ იქნება საკმარისი, რომ ესა თუ ის ობიექტი, მაგალითად, რესტორანია, არამედ სრულ ვიზუალურ გამოსახულებას მიიღებს და სტუმრობის სურვილი გაუჩნდება.
გარდა ამისა, ზოგადად, ნებისმიერ ციფრულ რუკას იქნება ეს Google Maps-ი, Waze-ი თუ Apple Maps-ი გარკვეული ცდომილება ყოველთვის აქვს. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მისამართი მიგვითითებია, თუმცა ნავიგაციას ზუსტ ადგილზე არ მივუყვანივართ. Street View ამ პრობლემას სრულად აგვარებს, რადგან რუკაზე არსებულ გეოლოკაციურ მონაცემებთან ერთად, ხელოვნურმა ინტელექტმა ვიზუალური მასალაც დაასინქრონა“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
GITA - ს თავმჯდომარის თქმით, Google Street View საქართველოში არა მხოლოდ ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზაციას, არამედ ციფრული სერვისების განვითარებასა და ნავიგაციის სიზუსტის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს მისამართების უფრო ზუსტად იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო სტარტაპებისთვის ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა - IMF
26.06.2026.11:57
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელის საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს. როგორც სსფ-ს კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის სასურველია საერთაშორისო რეზერვების დონე IMF-ის ARA მეტრიკის დაახლოებით 145-150 პროცენტზე იყოს. დამატებითი საერთაშორისო რეზერვების საჭიროება განპირობებულია იმ სარგებლით, რომელსაც მაღალი მოცულობის რეზერვები ქმნის: ამცირებს ქვეყნის სუვერენული დაფინანსების ხარჯებს, ხელს უწყობს კერძო სექტორის დოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოფს საჭირო ლიკვიდობას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებისთვის, გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შესარბილებლად.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთაშორისო რეზერვების შემდგომი დაგროვებისთვის კვლავ არსებობს სივრცე, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების არსებული, ფასზე დაფუძნებული ჩარჩო შესაბამისია არსებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების ტემპთან და მასშტაბის კალიბრაციისათვის, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს გაცვლითი კურსის მოქნილობას საგარეო პირობების ცვლილებების საპასუხოდ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.