გურამ გურამიშვილი გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ტრანსპორტის სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს განიხილეს პროგრამის „ავტომობილებისა და ავტონაწილების წარმოებასთან დაკავშირებით გაეროს 1958 წლის შეთანხმების საქართველოში დანერგვასა და პრაქტიკული განხორციელების" სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე, UNECE - ს სატრანსპორტო საშუალებების რეგულირებისა და ტრანსპორტის ინოვაციების განყოფილების უფროსი ვოლტერ ნისლერი, რეგიონალური მრჩეველი ნენად ნიკოლიჩი, ექსპერტი მარიუს დამაკი და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ანა პლატონოვა და სხვა ოფიციალური პირები.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გაეროს შეთანხმების ადგილობრივ კანონებთან იმპლემენტაცია საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, აწარმოოს სრულიად ახალი ტიპის სამრეწველო პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი თქმით, სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა საქართველოშივე ასევე განვითარდეს საავტომობილო სატრანსპორტო პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი ინფრასტრუქტურა, რომლის საქმიანობაც აღიარებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის საექსპერტო მისიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმით განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ავტომობილებისა და ავტონაწილების წარმოებასთან დაკავშირებით გაეროს 1958 წლის შეთანხმების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს ავტომობილებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების უფლებამოსილი ორგანოს, ტექნიკური სერვისის (ლაბორატორიის) და მწარმოებლის როლი მისი დამტკიცების პროცესში და განიხილეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაგალითები.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შეთანხმების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2023 წლის 16 იანვრის N15 დადგენილება "ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე", რომელიც 2023 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826