გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული - დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია - ირაკლი კობახიძე
ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება, სწორედ, ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ ჩვენ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826