გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს - ვახტანგ ცინცაძე
„ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით. პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე გვაქვს იანვარ-აგვისტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 14 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მისივე თქმით, საექსპორტო პოტენციალის შემდგომი ზრდა, დივერსიფიკაცია და ექსპორტის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
„არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ველოდებით, რომ 2023 წელიც იქნება რეკორდული საგარეო-სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მიმართულებით, ისევე, როგორც 2022 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგარეო ვაჭრობაში“- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826