გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის - ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორზე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორში არსებული საკითხების გადასაჭრელად სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობას მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „იმედის“ დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სექტორის კომპლექსურობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ბაზრის დინამიკური განვითარების პროცესში პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.
„იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო პროცესი, სამთავრობო და საპარლამენტო კომისია არის ძალიან კარგი მექანიზმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ შეხვედრებიც, როგორც სამთავრობო კომისიის ფორმატში, ასევე საპარლამენტო კომისიის ფორმატში, კარგად აჩვენებს გარკვეულ პრობლემატიკას, რომელიც ამ ბაზრის დინამიური განვითარების ფონზე ჩვენ გვაქვს. საბოლოო ჯამში. ჩვენი ანგარიშებიც აჩვენებდა გარკვეულწილად, სექტორი დინამიურად ვითარდება, ვგულისხმობ FMCG სექტორს.
თუ ბოლო მონაცემებს შევხედავთ, ჩვენი შეფასებით ბაზარი არის დაახლოებით 14 მილიარდის ფარგლებში. ამ ბაზარზე ბოლო წლების მანძილზე რაც შეინიშნება, არის მნიშვნელოვანი წილის ზრდა წამყვანი კომპანიების. მაგალითად, 3 წამყვანი კომპანიის წილი ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 49%-ის ფარგლებში, წინა წელს ეს იყო დაახლოებით 32%. 5 წამყვანი კომპანიის წილი არის დაახლოებით 60%-მდე, როცა გასულ წელს ის იყო დაახლოებით 45-47% და მთლიანად სექტორი ჯამურად, ანუ ორგანიზებულ ქსელებს ვგულისხმობ, არის დაახლოებით 65%-ის ფარგლებში, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 58% იყო. იმისთვის, რომ პირობითად ის პრობლემატიკა, რომელსაც სხვადასხვა მხარეები აყენებენ ღიად და კონკურენციის სააგენტო იყოს აქტიური მოქმედებაში, ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტები და ეს ციფრები ჯერ კიდევ აჩვენებს, რომ ბაზარზე მსგავსი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ერთი კომპანიის შემთხვევაში ეს უნდა იყოს 40%, 3 კომპანიის შემთხვევაში 50% და 5 კომპანიის შემთხვევაში 80%-ის ფარგლებში.
ამიტომ, კონკურენციის სააგენტო ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე, ან პირობითად გვაქვს რაღაც ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება გარიგების ეფექტები ჩანდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი FMCG სექტორში ყველაზე სუსტი რგოლია. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობის მთავარი შედეგი სწორედ ძალთა ბალანსის გასწორება და იმ მექანიზმების შემუშავებაა, რომლებიც მცირე მეწარმეებს მსხვილი რითეილერებისგან დაიცავს.
„ჩვენ ანგარიშებშიც ვამბობდით და ეს ღია შეხვედრებზეც კარგად ჩანს, რომ გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის. ანუ რადგანაც სექტორი ასე ვითარდება და ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერია მეორესთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი პირობით, ევაჭრონ მიმწოდებელ კომპანიებს, დისტრიბუტორ კომპანიებს, მწარმოებელ კომპანიებს. ვინც ძლიერია მეორე მხარეს, ვგულისხმობ დისტრიბუტორებს, ისინიც კი კონკურირებენ იმაში, რომ ეგრეთ წოდებული მაღაზიაში შესვლის თუ ქეშბექების თანხაში ვინ უფრო მეტს გადაიხდის, რომ თაროზე მოხვდეს. მათ ამ კონკურენციის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი ასეთ შემთხვევაში ჩნდება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები. და იმისთვის, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული, ბუნებრივია, ალბათ ის მექანიზმები, რომელსაც საბოლოოდ საპარლამენტო კომისიაც დადებს საკუთარ დასკვნაში და სამთავრობო კომისიაც იმსჯელებას - სწორედ ალბათ ამ ძალთა ბალანსის გასწორებას უნდა მოემსახუროს და ძალიან კარგია თვითონ კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ Big Four-იდან ჩაერთვება კომპანია ამ პროცესის შეფასებაში. იმიტომ, რომ Big Four-ს აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თუნდაც ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერად ვითარდებოდა და კონსოლიდაცია ხდებოდა, მათ ჰქონდათ უპირატესობა მეორე მხარესთან მიმართებაში და როგორი მექანიზმებით დაბალანსდა ეს პროცესი, მაშინ როდესაც მხოლოდ კონკურენციის სამართალი ვერ უზრუნველყოფდა პრობლემის ეფეტურად მოგვარებას. ეს საბოლოო ჯამში საერთო ფასების ფონზე მნიშვნელოვნად მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ამიტომ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვამონიტორინგებთ და ვუყურებთ ამ ბაზარს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შეიძლება ჩვენი მანდატი ვერ წვდება და ჩვენც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია. საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისია საბოლოო დასკვნაში ამ ყველაფერს ასახავს და რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტო მზად არის აღასრულოს ის მანდატი და თუ ის არ არის საკმარისი და თუ კიდევ რამე დამატებითი საკანონმდებლო კონტექსტები იქნება, რა თქმა უნდა აღასრულოს ის მაქსიმალურად და ეფექტურად“, - აცხადებს ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $488.2 მლნ შეადგინა
25.08.2026.10:52
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.